ემანუელ მაკრონის რეფორმების მოწინააღმდეგეები საფრანგეთში აქციებს მართავენ
საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ უმსხვილესი პროფკავშირების ორგანიზებით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციების ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, ერთდროულად დაიწყო. საერთო ჯამში ქუჩაში 250 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქ პარიზში აქციას სხვადასხვა მონაცემებით 20-დან 80 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
აქცია ადგილობრივი დროით 3 საათზე მშვიდად დაიწყო, თუმცა მალევე, დემონსტრაციის მონაწილეებს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფის – Black Block-ის წევრები შეუერთდნენ, რომელთაც მაღაზიების ვიტრინების ჩამსხვრევა და ქუჩების დარბევა დაიწყეს. დაჯგუფების წევრებმა ერთ-ერთი ბანკის შენობაში შეჭრაც სცადა, თუმცა მათ სამართალდამცველებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. შედეგად, მსუბუქად დაშავდა 7 პოლიციელი. დაკავებულია აქციის 32 მონაწილე.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები შრომითი რეფორმის წინააღმდეგ გასული წლიდან პერიოდულად მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რეფორმის დოკუმენტს 2017 წლის სექტემბერში ხელი მოაწერა. რეფორმა შრომითი ბაზრის ლიბერალიაციას, დასაქმებულთათვის პრივილეგიებისა და შეღავათების გაუქმებას ისახავს მიზნად. მათ შორის, რკინიგზის სფეროს თანამშრომლებისთვის. პრეზიდენტს ასევე სურს, 46 მილიარდი ევროს ოდენობით დავალიანების მქონე რკინიგზა ევროკავშირის დებულებების შესაბამისად კონკურენტუნარიანი გახადოს და ამისთვის მის პრივატიზაციასაც არ გამორიცხავს.