პარიზში ფასების ზრდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
პარიზში ფასების ზრდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

პარიზში ათასობით ადამიანმა ფასების ზრდა გააპროტესტა. აქციაში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა, ულტრამემარცხენეთა ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი ანნი არნო მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ხელფასებისა და სოციალური შემწეობის გაზრდას, ელექტროენერგიაზე ფასების დასტაბილურებას, დიდ შემოსავალზე გადასახადის დაწესებას და ეკოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების დაბანდებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები საწვავზე ფასების მატებას და საპენსიო ასაკის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის ორგანიზატორთა ცნობით, დემონსტრაციაში 140 000 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის შეფასებით კი პარიზის ქუჩებში 30 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

აქტივისტები აცხადებენ, რომ დემონსტრაცია ხვალაც გაიმართება, ხოლო 18 ოქტომბრიდან საფრანგეთში საერთო ეროვნული გაფიცვა დაიწყება.