ემანუელ მაკრონი - ვერ შევეგუებით თურქეთის როლს, რომელსაც ლიბიაში თამაშობს
ემანუელ მაკრონი - ვერ შევეგუებით თურქეთის როლს, რომელსაც ლიბიაში თამაშობს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი არ შეეგუება თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ტუნისელ კოლეგასთან ერთად ელისეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ანკარა „სახიფათო თამაშშია ჩართული“.

„ჩვენ ვერ შევეგუებით თურქეთის როლს, რომელსაც ის ლიბიაში თამაშობს“, – განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე დაგმო ლიბიაში რუსი სამხედროების ყოფნა, თუმცა უფრო მეტი ყურადღება თურქეთზე გაამახვილა. მაკრონმა გაიხსენა 10 ივნისის ინციდენტი, რა დროსაც ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის ლიბიის სანაპიროებთან ინციდენტი მოხდა. მისი თქმით, ეს შემთხვევა უცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.

„ის, რაც გასულ კვირაში მოხდა ლიბიის სანაპიროებთან, მიუღებელია და მე შეგახსენებთ ჩემს შარშანდელ განცხადებას, ნატო-ს ტვინის სიკვდილთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მომხდარი ამის ერთ-ერთი მაგალითია“ – განაცხადა მაკრონმა.

თურქეთი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად ეხმარება ლიბიის გაერო-ს მიერ აღიარებულ მთავრობას. მათ შორის, აწვდის იარაღს, თურქეთის ავიაცია საჰაერო მხარდაჭერას უწევს ფაიზ სარაჯის მთავრობის არმიას.

„როიტერის“ ცნობით, საფრანგეთს ლიბიელი ამბოხებული გენერლის ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერაში ხშირად ადანაშალებენ, რასაც პარიზში უარყოფენ.