ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის ლიდერებს შორის რუსეთთან სამიტის გამართვის საკითხზე კონსენსუსის არარსებობა ტრაგედია არ არის
ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის ლიდერებს შორის რუსეთთან სამიტის გამართვის საკითხზე კონსენსუსის არარსებობა ტრაგედია არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის რუსეთთან სამიტის გამართვის საკითხზე კონსენსუსის არარსებობა ტრაგედია არ არის. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სწრაფი სამიტის საკითხზე კონსენსუსი არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს ტრაგედია არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, დავრჩეთ ერთიანები. განხეთქილება გვასუსტებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ის რუსეთის მიმართ ყველაზე მკაცრია, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის მეზობელია. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერები არ გამოთქვამდნენ ანალოგიურ წინააღმდეგობას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის საკითხზე.

„ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან. მე მაგიდასთან მსხდომ ჩემს მეგობრებს ვუთხარი – მას არ უკითხავს თქვენი აზრი და თქვენ ხედავთ, როგორ მართავენ ისინი შეხვედრას და ეს თქვენთვის შოკისმომგვრელი არ არის.

არ ვარ შეპყრობილი 27 ლიდერის მონაწილეობით სამიტის გამართვის იდეით. გულწრფელი ვიქნები, მე არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინის სანახავად. მე ის რამდენჯერმე ვნახე პრეზიდენტის რანგში და გავაგრძელებ მის ნახვას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის ინიციატივას მხარი დაუჭირეს ავსტრიამ და იტალიამ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები წინააღმდეგი წავიდნენ.

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვა მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა.