ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთისთვის სამარცხვინოა პარიზის პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის ცემა, რომლის კადრებიც გავრცელდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარიზის პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის ცემის კადრები საფრანგეთისთვის სამარცხვინოა. მაკრონის თქმით, მთავრობა მონახავს გზას პოლიციისადმი საზოგადოების ნდობის აღსადგენად. ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები მუსიკალურ პროდიუსერს, მიშელ ზეკლერს.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები მამაკაცის დაკავებას ცდილობენ და მას ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით სცემენ. ზეკლერის თქმით, ცემის დროს მას რასობრივ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დაკითხვისთვის დააკავეს პოლიციის ოთხი ოფიცერი.
„კადრები, რომლებიც ყველამ ვიხილეთ და სადაც მიშელ ზეკლერის წინააღმდეგ ძალადობა ჩანს, მიუღებელია, ეს არის სამარცხვინო თითოეული ჩვენგანისთვის. საფრანგეთმა არ უნდა დაუშვას ძალადობა ან სისასტიკე, არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან მომდინარეობს ის. საფრანგეთმა არასდროს უნდა დაუშვას, რომ სიძულვილი ან რასიზმი აყვავდეს“, – დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
მაკრონი აღნიშნავს, რომ პოლიციელის ქმედებები სამაგალითო უნდა იყოს.
„ვისი სამუშაოც არის კანონის დაცვა, მან პატივი უნდა სცეს კანონს“, – წერს საფრანგეთის ლიდერი.