ექსკლუზივი - ელიზბარ უბილავამ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები სლოვენიის კურორტ თერმე ჩატეჟში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა, ელიზბარ უბილავამ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მიზეზებზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ საქართველოს რადიოს სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას ექსკლუზიურად ისაუბრა.
„ბატონი ელიზბარი იყო, არის და იქნება ჩვენი საჭადრაკო ოჯახის წევრი, გულშემატკივარი და დამხმარე, რადგან მას აქვს უზარმაზარი საჭადრაკო გამოცდილება, როგორც დიდოსტატის ასევე მწვრთნელის რანგში. სხვადასხვა დროს ელიზბარ უბილავა იყო ისეთი ტიტულოვანი მოჭადრაკეების მწვრთნელი როგორებიც არიან: ანატოლი კარპოვი, ვიშვანათან ანანდი და მან ასევე სხვა ინდოელი მოჭადრაკეების მთელი პლეადა აღზარდა. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მან 2015 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ერთ გუნდად მოვდიოდით. ჩვენი თანამშრომლობა 2015 წელს ძალიან დიდი წარმატებით დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობა იზეიმა და შეიძლება ითქვას, ბატონი ელიზბარისაგან არა მხოლოდ მოჭადრაკეებმა ისწავლეს ძალიან ბევრი რამ, არამედ ჩვენმა მეორე მწვრთნელმა და კაპიტანმა, დავით ჯოჯუამაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო.
– ელიზბარ უბილავასთან ჩვენი ურთიერთობები გრძელდება, მის გამოცდილებას ჩვენ ყოველთვის გამოვიყენებთ, როგორც ახალგაზრდა მოჭადრაკეების დასახმარებლად, ასევე სხვადასხვა დონის ღონისძიებებში. თანამედროვე ჭადრაკში ძალიან გართულდა გუნდური შეჯიბრებების რეგლამენტი, ძალიან გართულდა მომზადების პროცესი. ფაქტობრივა, დღეს მწვრთნელებზე უკვე ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა მოდის, რადგან მეორე დღეს გუნდი მზად რომ იყოს, ღამის გათენებაც კი არის ხოლმე საჭირო, რათა დილით მოჭადრაკეებს სადებიუტო და პრაქტიკული ანალიზი მზად დახვდეთ.
– ახალი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი უკვე დაწყებულია. ის შეიძლება იყოს უცხოელიც. ჩემპიონატის მიმდინარეობისას იყო რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ ამ ეტაპზე ვიდრე ბოლომდე არ დასრულდება შეთანხმების პროცესი, კანდიდატურებზე არ ვისაუბრებ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალი საჭადრაკო ოლიმპიადისათვის, რომელიც 2022 წელს მოსკოვში გაიმართება, ჩვენს გუნდს ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი უხელმძღვანელებს.