ელიფ ელმასი - საქართველოსთან ისტორიულ მატჩს ვთამაშობთ საკუთარი თავისთვის, გუნდისთვის და ქვეყნისთვის
თბილისში გამომგზავრებამდე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა, ელიფ ელმასმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის.
ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ელიფ ელმასმა ხაზი გაუსვა, რომ გუნდი ისტორიაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად მზადა არის.
„ველი ფინალს და დიდ ბრძოლას. რთული მატჩი იქნება, ფსონი დიდია, მაგრამ ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ და ერთად ვცდილობთ, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ გვჭირდება კონცენტრაცია და ენერგია მთელი 90 წუთის განმავლობაში. საქართველო ასევე ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოედანზე ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული. მე ოპტიმისტი ვარ, ეს შესანიშნავი მატჩია და მას ვითამაშებთ არა მხოლოდ ჩვენთვის და გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებას ჩვენ მივაღწევთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ“, – ამბობს ელმასი.
10 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა სკოპიეში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და დღეს ისინი ჩარტერული რეისით საქართველოში მოემგზავრებიან. ერთა ლიგის ფინალი გაიმართება ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, თბილისის „დინამო არენაზე“. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 21:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.