ელენე ხოშტარია - სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ, ამიტომ ცხრა დეპუტატის ინიცირებულ კანონპროექტს მხარს ვუჭერთ
ელენე ხოშტარია - სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ, ამიტომ ცხრა დეპუტატის ინიცირებულ კანონპროექტს მხარს ვუჭერთ

სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას, მით უმეტეს უვადოდ, წინააღმდეგობა ყველამ უნდა გავუწიოთ მიუხედავად იმისა, შინაარსობრივად რა შენიშვნები გვაქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ეს იმდენად პრინციპული საკითხია, რომ არანაირი პოზიციის ცვლილება არ ყოფილა. აქ საკითხი ეკა ბესელიას ან რომელიმე ჯგუფის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას არ ეხება. ეს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ის, „ქართული ოცნების“ შიგნით რა ხდება და ერთმანეთთან ვინ რას არკვევს. სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას, მით უმეტეს უვადოდ, ყველა ფორმით წინააღმდეგობა ყველამ უნდა გავუწიოთ მიუხედავად იმისა, შინაარსობრივად რა შენიშვნები გვაქვს“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საკუთარი წინადადება აქვს, ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი წინადადებები აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ელენე ხოშტარიას თქმით, „ევროპული საქართველო“ ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს.

„უამრავი კონკრეტული, ტექნიკური და სამართლებრივი აზრი არსებობს, მაგრამ დღეს პოლიტიკური მომენტია, როდესაც ყველას ვალია, ჩვენი პირადი თუ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და „ქართული ოცნების“ მცდელობას ისინი თავზე დაგვასვან, ყველანაირად დავუპირისპირდეთ. შესაბამისად, ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებელ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელსაც, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.