ელენე ხოშტარია – აუცილებელია, დადგეს იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სარალიძის საქმეზე გამოძიება გაამრუდა
მიხეილ კალანდიას დაკავება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამით გამოძიება არ სრულდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აუცილებელია, დადგეს იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სარალიძის საქმეზე გამოძიება გაამრუდა, კონკრეტულ პირებს ხელი დააფარა და გამოძიება არასწორი გზით წაიყვანა.
„მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქმეში მირზა სუბელიანის მონაწილეობის შესახებ გამოძიების დაწყებისთანავე ინფორმირებული იყო, ის საქმის კურსში იყო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, იცოდა ყველა ჩატარებული და არ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შესახებ და არ ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება, არ მისცა შესაბამისი მითითებები გამომძიებელ პროკურორებს. იმ დროისთვის გენერალურმა პროკურორმა ხელი დააფარა მირზა სუბელიანს, როდესაც თავად თქვა, რომ მირზა სუბელიანი ჭოჭმანობდა გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა გამოძიებისთვის არ დაუვალებია მისი დაკითხვა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მან ეს არც მაშინ გააკეთა, როცა კადრების გავრცელებითა და მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა მირზა სუბელიანის ყოფნა კალანდიების ეზოში დანაშაულის ჩადენისას. ირაკლი შოთაძემ 31 მაისს ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და მოიტყუა, რომ გ.ბ-ს დანაზე აღმოჩნდა დავით სარალიძის სისხლი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ზვიად ფხაკაძე პირდაპირ ხელს აფარებდა გუშინ დაკავებულ მიხეილ კალანდიას და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამტკიცებდა, რომ სარალიძისთვის მუშტის დარტყმა გაშველება იყო.
„ფხაკაძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფაქტებისა და მტკიცებულებების საზოგადოებისთვის არასწორად მიწოდებაში მონაწილეობდა. ის იტყუებოდა, სად იდგა დანაშაულის ჩადენის დროს მიხეილ კალანდია და ასე შემდეგ. გიორგი გაბოძე, გიორგი გაბიტაშვილი, მალხაზ კაპანაძე – ეს სამი ადამიანი იყო გამოძიების კურატორი და პირადად, გამიზნულად აფარებდნენ ხელს მიხეილ კალანდიას. მაგალითად, არ ჩატარდა კალანდიას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, არ ამოიღეს კალანდიას ტანსაცმელი (მაისური და ქურთუკი), თუმცა გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი მაისური იყო სისხლიანი. თავად ლუკა კალანდიამ კომისიასთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ ეს ტანსაცმელი დღესაც მათ სახლში ინახება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.