ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ არც ერთ ბაზარზე არ ვართ დამოკიდებული
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ არც ერთ ბაზარზე არ ვართ დამოკიდებული

რუსეთის მიერ სანქციების დაწესებას საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა რუსეთის დუმის მოთხოვნაზე საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების მიღებასთან დაკავშირებით.

არველაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით.

„ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იქნება თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთის დუმა არ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, დავადასტურებ, რომ გავლენა ეკონომიკაზე იქნება უარყოფითი, რადგან მოგეხსენებათ, რუსეთი ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორი არის საქართველოსთვის. თუმცა ჩვენ ვმუშაობთ და ყოველთვის ვმუშაობდით, რომ საერთაშორისო ბაზრების გახსნილობის კუთხით შეგვექმნა ყველა საფუძველი, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ჩვენს ძირითად პარტნიორებთან ღია ყოფილიყო. იმედს ვიტოვებთ, ეს ღიაობა შენარჩუნებული იქნება ჩვენი პარტნიორების მიერ, მათ შორის რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისი შეფასებით, რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა საქართველო არც ერთ ბაზარზე არ არის დამოკიდებული.

„რუსეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, თუმცა ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ არც ერთ ბაზარზე დამოკიდებული და ვაჭრობთ როგორც რუსეთთან, ასევე სხვა სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის, აზიის სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე აშშ-სთან, ასე რომ, დივერსიფიცირებული გვაქვს ბაზრები, თუმცა რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისი წილი მთლიან ექსპორტში 13 პროცენტს შეადგენს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იქნება ასეთი გადაწყვეტილება და იმედს ვიტოვებთ, ეს არ იქნება მიღებული“, – განაცხადა არველაძემ.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა.  ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ და ტუროპერატორებს დაავალა, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

ასევე, 8 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქცია „ედინაია რასიას“ ინიციატივას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტისა და რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.

ამასთან, დუმამ მიმართა რეკომენდაციით რუსეთის პრეზიდენტს, „რათა ანტირუსული პროვოკაციების გამო, საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ზომები მიიღოს“. დუმა საქართველო წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს.  დოკუმენტი სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტმა შეიმუშავა. პროექტის განხილვა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დღეს არის დაგეგმილი.