ეკატერინბურგში მამაკაცმა აივნიდან ცეცხლი გახსნა, დაჭრილია ეროვნული გვარდიის წევრი და ბავშვი
ეკატერინბურგში მამაკაცმა აივნიდან ცეცხლი გახსნა, დაჭრილია ეროვნული გვარდიის წევრი და ბავშვი

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მამაკაცმა აივნიდან ცეცხლი გახსნა. დაჭრილია ეროვნული გვარდიელი და ბავშვი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური იუწყება, მამაკაცმა ცეცხლი მეხუთე სართულის აივნიდან გაუხსნა გამვლელებს. სავარაუდოდ ის სანადირო თოფით არის შეიარაღებული.

რუსული მედია იუწყება, რომ მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სავარაუდოდ პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. ის ჯერ დაკავებული არ არის.

თვითმხილველების ცნობით, მამაკაცმა სულ მცირე 10-ჯერ გაისროლა აივნიდან. შედეგად ფეხშია დაჭრილი ეროვნული გვარდიელი, ხოლო ბავშვს მუცლის არეში მოხვდა ტყვია.

სოციალურ მედიაში წერენ, რომ მამაკაცი ნასვამია. ამჟამად ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სპეცრაზმელები. სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.