ეკა ბესელია - ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს, ჩემი რომელი ფრაზა მიიჩნია ზაზა სარალიძემ შეურაცხყოფად
ეკა ბესელია - ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს, ჩემი რომელი ფრაზა მიიჩნია ზაზა სარალიძემ შეურაცხყოფად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ეკა ბესელია მოითხოვს, კონკრეტულად დასახელდეს მისი ის განცხადება და ფრაზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ შეურაცხყოფად მიიჩნია.

ამის შესახებ ეკა ბესელია ზაზა სარალიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ბესელიას, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს, უნდობლობას უცხადებს.

„თუ ეს რამე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე, რა იყო ამ განცხადების მიზეზი და ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს სად, რომელი ფრაზა იყო ის, რაც ზაზა სარალიძემ  ჩათვალა, რომ შეურაცხმყოფელი იყო. სხვაგვარად აბსურდამდე მივალთ“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრაქტიკულად თქვა, რომ ზაზა სარალიძეს უკარნახეს პოლიტიკური მოთხოვნები.

„ძალიან მაინტერესებს, გაცხადდება თუ არა ბატონი ოთარ კახიძის, როგორც კომისიის წევრის მიმართ უნდობლობა. ამაზე მძიმე ბრალდება არავის უთქვამს.  ამ ორ საკითხს დავაყენებდი და უფრო ნათლად გავიგებდი, რასთან გვაქვს საქმე. მე კი ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ნათელი რომ იყოს“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია. მას ზაზა სარალიძემ უნდობლობა გამოუცხადა და აცილება მოითხოვა. სარალიძემ ამის მიზეზად ბესელიას განცხადება დაასახელა. „ადამიანს, რომელიც მადანაშაულებს იმაში, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება, ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, არ ვენდობი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.