ადვოკატი - ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას უნდობლობას უცხადებს და ვითხოვთ მის აცილებას
ადვოკატი - ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას უნდობლობას უცხადებს და ვითხოვთ მის აცილებას

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი ნესტან ლონდარიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.

მისი თქმით, ეკა ბესელიას დაზარალებული მხარე უნდობლობას უცხადებს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ სამუშაო რეჟიმში შეხვედრისათვის. კომისიის წევრებთან შევათანხმებთ, რომ ჩვენ სხდომებს ვესწრებოდეთ. ჩვენ მათ მივაწოდებთ ყველა იმ დარღვევას, რაზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ხელს შევუწყობთ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა წარიმართოს სამართლიან და შედეგიან რეჟიმში. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ, ჩვენ ვენდობით კომისიას, შემდეგ უკვე საუბარი შედგება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული წევრების მიმართ შესაძლებელია გვქონდეს აცილების საკითხი. ქალბატონ ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაზარალებულ მხარეს აქვს უნდობლობის მომენტი და ვითხოვთ მის აცილებას. ამ ეტაპზე დარღვევებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მათ მივაწოდებთ სრულ ინფორმაციას რაც გვაქვს“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

როგორც ზაზა სარალიძემ დღეს განაცხადა, საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა ყველას ენდობა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს ხვდება.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც კომისიის დებულებას მიიღებენ.