ეკა ბესელია - ვისაც გედევან ფოფხაძის წასვლა ეჩქარება, ვფიქრობ, რომ მოცდა მოუწევს 
ეკა ბესელია - ვისაც გედევან ფოფხაძის წასვლა ეჩქარება, ვფიქრობ, რომ მოცდა მოუწევს 

გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ეს პროცესი ნურავის ნუ ეჩქარება, ვისაც ძალიან ეჩქარება, სულ ტყუილად, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, უმრავლესობის შიგნით საჭიროა შეხვედრა და ამ შეხვედრას ელოდება გედევან ფოფხაძეც.

“მგონია, რომ ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსიები არ მომწონს და ეს ამხანაგური სასამართლოებიც ძალიან უხერხულია. უმრავლესობის შიგნით საჭიროა შეხვედრა. ვიცი, რომ ამ შეხვედრას ელოდება გედევან ფოცხაძეც. მას არავითარი ოფიციალური პროცედურები არ დაუწყია და არავითარი განცხადება არ დაუწერია. მან თქვა, რომ რაღაც საკითხები გასარკვევია და ეს უმრავლესობის ფორმატში უნდა მოხდეს. საჯარო განხილვები, ვის რა მოეწონა, არ მოეწონა, რატომ არ მოეწონა, არ მგონია, რომ კარგი და ჯანსაღი პროცესი იყოს. რაღაც ამხანაგური სასამართლოების სახეს იღებს. ვინც გედევან ფოფხაძის განცხადებებზე ნაჩქარევ შეფასებებს აკეთებს, როგორც ჩანს, ეჩქარებათ. თუ ვინმე არის ისეთი, მგონია, რომ მოცდა მოუწევს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ასეთ საკითხზე უმრავლესობის შიგნით დისკუსია გაიმართოს.

„ამ საკითხებს დისკუსია სჭირდება. მე ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელიც გარეთ საუბრობს იმაზე, რაც არ მოსწონს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველა თემაზე ისაუბროს, მაგრამ – შიგნით. ვარჩევ საკითხებს, რაზე უნდა ისაუბრო საჯარო სივრცეში და რაზე არა. პოლიტიკაში ამ ზღვარის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, რაც უფრო ადრე შედგება უმრავლესობის შეხვედრა, მით უკეთესი იქნება.

კითხვაზე, ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე მიიღო თუ არა დავალება, ან შეტყობინება, ეკა ბესელია აცხადებს, რომ აკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნია.

“მე დავალებებს არ ვიღებ. ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია, რომ სწორია. ინფორმაციებს ძალიან ბევრს ვღებულობ, მაგრამ საჯაროდ არ ვსაუბრობ. მგონია, რომ არ იქნება კარგი თუ ეს შეხვედრა გადაიდება და დიდხანს არ შედგება. რაც უფრო ადრე შედგება უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა, მით უკეთესი იქნება. წუხილები და კითხვები რაც არის ამ ფორმატში უნდა იყოს გარკვეული. საჯარო თავდასხმები და ბრალდებები უნდა შეწყდეს. ასეთი შეფასებები უხერხულია. ამიტომ მეც ამ შეხვედრას ველოდები, რომ იქ ყველა საკითხი დაისვას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომას, სადაც ნინია კაკაბაძის კანდიდატურის საკითხი განიხილებოდა, თავად არ ესწრებოდა და, „როგორც ჩანს, გარკვეული გაუგებრობა მოხდა“.

რაც შეეხება საკითხს, ხელმძღვანელობდნენ თუ არა დეპუტატები ვინმეს მითითებით ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის კენჭისყრის დროს, ეკა ბესელია პასუხობს: “მე ვერავინ მმართავს. მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. მე პირველ შემთხვევაშიც ნინია კაკაბაძის არჩევის წინააღმდეგი ვიყავი და მეორე კენჭისყრაშიც ხმა არ მივეცი. ჩემთვის თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია. უმრავლესობის სხდომას არ ვესწრებოდი, ბორჯომში გასვლითი სხდომა მქონდა. როგორც ჩანს, გარკვეული გაუგებრობა მოხდა და ასეთ საკითხებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში უნდა მოხდეს და არა საჯარო სივრცეში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების  ფონზე.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

როგორც პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მმართველ გუნდში შეთანხმებული იყო, რომ ნინია კაკაბაძეს ხმას არ აძლევდნენ, მაგრამ პოზიცია კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე შეიცვალა. გედევან ფოფხაძე ამ საკითხის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილვას ითხოვს.