ეკა ბესელია - პრეზიდენტმა ინსტიტუტებისა და პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირება დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა
ეკა ბესელია - პრეზიდენტმა ინსტიტუტებისა და პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირება დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ინსტიტუტებისა და პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირება დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მან თქვა, რომ პროცედურები უნდა შეცვლილიყო და როგორ უნდა შეცვალო პროცედურა, როცა ეს არის კანონი, რომლის შეცვლასაც ინიცირება, სამჯერ მოსმენა და გარკვეული ეტაპების გავლა სჭირდება?! წესების პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეცვლასა და პრინციპის ხელყოფას ჩვენ ერთად ვებრძოდით. ეს არის ნათელი მაგალითი პრეზიდენტის მიერ პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირებისა, რაც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტს ბოლო, შემაჯამებელი გამოსვლის უფლება ჰქონდა, რის შემდეგაც ვერავინ გამოვიდოდა, მაგრამ მან ამ უფლებით არ ისარგებლა, რადგან სავარაუდოდ, მოთმინება და გამძლეობა არ ეყო.

ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გამოსვლა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზით დაიწყო, რომ დარბაზში ნაკლებად ხედავდა იმ ადამიანებს, ვინც 2012 წელი შექმნა.

„მე მგონი, მან ვერ დაინახა ის ადამიანები, ვინც უნდა დაენახა და, პირველ რიგში, სიმბოლურად, კრებითად ვერ დაინახა წარმომადგენლები იმ პროცესისა, რომელმაც 2012 წელი შექმნა და რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა“, – განაცხადა ბესელიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იღებს თუ არა ის პრეზიდენტის კრიტიკას თუნდაც გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, უმძიმესი ტრაგედია იყო ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმე, რომლის გამოძიებაც ბოლომდე მისული არ არის, მაგრამ გამოუძიებელი საქმეები ყველა დროში, ყველა სისტემასა და ქვეყანაში არსებობს და ამას თავისი მიზეზი აქვს.

„როცა პრეზიდენტმა ეს საქმეები ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუსტად იგივე ნარატივი გამახსენდა, რადგან ამ ჩამონათვალში საქმეები სწორედ ამ სახელდებით იწყება. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რადგან ასეთი კონტექსტი დარბაზში ქმნიდა მოცემულობას, რომ პრეზიდენტი მხარე იყო. პრეზიდენტი კი მხარე არ უნდა იყოს. ის ინსტიტუტებს შორის მედიატორი და დამაბალანსებელი უნდა იყოს“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მან პრეზიდენტისგან არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვერ მოისმინა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა, როცა გაუყალბებელი არჩევნები ჩატარდა და მოქალაქეებს მთავარი კონსტიტუციური უფლება, საარჩევნო უფლება დაუბრუნდათ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს რეგლამენტის გადახვევით სხდომის გაგრძელება შესთავაზა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრის შედეგად, განხილვის ფორმატის შეცვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.