ეკა ბესელია - პოლიტიკური კალენდრის მიხედვით არც ერთი საქმე არ უნდა შეჩერდეს 
ეკა ბესელია - პოლიტიკური კალენდრის მიხედვით არც ერთი საქმე არ უნდა შეჩერდეს 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყველა დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლებაშია ჩადენილი, ბოლომდე მისაყვანია, ბრალეული პირები კი გამოსააშკარავებელი, რადგან ამის გარეშე ქვეყანაში ვითარება ვერ მშვიდდება და უსამართლობის განცდა რჩება.

ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია მთავარი პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა გამოძიება მტკიცებულებებს მოიპოვებს, უფლება არავის აქვს, მტკიცებულებები შემოინახოს და კალენდარს დაელოდოს.

„თუ საქმე სასამართლოს მიერ დადასტურდება, ის არანაირმა კალენდარმა არ უნდა გააჩეროს. პოლიტიკური კალენდრის მიხედვით, არც ერთი საქმე არ უნდა იყოს შეჩერებული და გაჩერებული. 2007 წელს პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა, იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის როლი და სახიფათო ინფორმაციები მახსოვს, რაც მაშინ ვრცელდებოდა. გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო. შთაბეჭდილება მხოლოდ ამ ჩანაწერებით არ მექმნება. მაშინ ინფორმაციები მოგვდიოდა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მზადდებოდა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა. ფაქტში ვინ არის მხილებული და ვის რა როლი მიუძღვის, ამას გამოძიება იტყვის. როცა საუბარია, რომ შესაძლოა, ბრალდებულ პირებს შორის ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, ამაზე უფრო მძიმე არაფერია. „მასტერას“ პერიოდში ვცხოვრობდით და ქვეყნის სათავეში მკვლელები იყვნენ, რაც ახალი არ არის. ამის გახსნას იმდენი წელი დასჭირდა, რამდენიც მტკიცებულებების მოპოვებას სჭირდება”, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პროკურატურამ დღეს აუდიოჩანაწერები გაავრცელა. ერთ ჩანაწერში გიორგი დგებუაძე (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელი, პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობენ.  კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრთან საუბარში ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებული იყოსაქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ.  მეორე ჩანაწერში კი, კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე, შვილის გატაცებასა და მზარეულების მოსყიდვაზე საუბრობენ.