ეკა ბესელია - მამუკა ხაზარაძის განცხადება სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც რეაგირება და შესწავლა სჭირდება
ეკა ბესელია - მამუკა ხაზარაძის განცხადება სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც რეაგირება და შესწავლა სჭირდება

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის  გუშინდელ განცხადებაზე რეაგირება აუცილებელია.

მისი თქმით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, გაიგოს, რა წერილზეა საუბარი.

„გუშინდელი განცხადება იმსახურებს ყურადღებას, რეაგირებას და შესწავლას. საზოგადოებასაც აქვს ლეგიტიმური ინტერესი, ნახოს, რა წერილზეა საუბარი და რა დოკუმენტია. ეს არის სერიოზული ბრალდება და სჭირდება არა მიტოვება, არამედ მიყოლა – უარყოფილ იქნეს ან თუ დადასტურდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. პროკურატურამ უნდა გვითხრას, დაინტერესდა თუ არა ამ ინფორმაციით“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატი მამუკა ხაზარაძესაც მიმართავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარადგინოს.

„თუ ამისთვის საჭიროა საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საგამოძიებო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ვიფიქრებთ ასეთი კომისიის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ბესელიამ.

ასევე, მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც უნდა უპასუხოს კითხვებს, რომელიც წერილთან დაკავშირებით გაჩნდა.

„ამის დატოვება უპასუხოდ სრულიად არასერიოზული იქნება. ზოგადად კი, ბიზნესის თავისუფლებას, ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების, კონსტიტუციური უფლებების დაცვას, საბოლოოდ მაინც სასამართლო სისტემის რეფორმამდე მივყავართ“, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. მამუკა ხაზარაძის თქმით, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებულ განცხადებაზე მამუკა ხაზარაძე დღეს სასამართლოში გამოიკითხება.