ეკა ბესელია - გედევან ფოფხაძის არჩევა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბევრად ადრე იყო შეთანხმებული
ეკა ბესელია - გედევან ფოფხაძის არჩევა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბევრად ადრე იყო შეთანხმებული

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძის გადმოყვანა ბევრად ადრე იგეგმებოდა და შეთანხმებული იყო, – ამის შესახებ პირველ არხს უმრავლესობის დეპუტატმა, კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ  ადამიანები, რომლებსაც მართლმსაჯულების რეფორმაზე პრინციპული პოზიცია აქვთ.

„სხვათა შორის, გედი ფოფხაძის არჩევა პირველ მოადგილედ ბევრად ადრე იყო შეთანხმებული და მისი გადმოყვანის საკითხი ბევრად ადრე იგეგმებოდა, ვიდრე მოხდა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, პრინციპულია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ამ ხელმძღვანელი პირების თანამდებობას იკავებდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრინციპული და ზნეობრივი პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესზე. ძალიან პრინციპულია, ეს ხაზი შენარჩუნდეს და  არ აღმოჩნდეს ისეთი პიროვნებების ხელში, რომლებსაც აქვთ კონფორმისტული და საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნების პოზიციიდან გადმოსახედი მიდგომა“, – აღნიშნა ბესელიამ.

მისი შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ჭიდილი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა. ფრაქციის გადაწყვეტილებით, დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა გუნდთან შეთანხმებული არ იყო.