ეკა ბესელია - არ მახსოვს, გიორგი მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, ვინც წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო
ეკა ბესელია - არ მახსოვს, გიორგი მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, ვინც წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო

არ მახსოვს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, რომელთაც დღეს ბრიფინგზე ახსენებდა და ვინც წინა ხელისუფლების მსხვერპლი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ყველაზე დიდი და კლასიკური შავი პიარი რაც მახსენდება, სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დანიშნული შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ქმედებები იყო. ის ღიად ესხმოდა თავს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში სწორედ უფლებაშელახული და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების მიმართ მივიღეთ.

არ მახსოვს, რომ მაშინ მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, რომელთაც დღეს ბრიფინგზე ახსენებდა და ვინც მსხვერპლი იყო. გულწრფელად გითხრათ, დღეს ამ თემაზე რომ საუბრობდა, პირველად ეს გამახსენდა და ეს სწორედ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია. მაშინ  მას პრინციპული პოზიცია რომ დაეკავებინა, გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა გულშემატკივრობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც წინა რეჟიმის მსხვერპლი იყო”, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია მის წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო.