გიორგი მარგველაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო
გიორგი მარგველაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო, სხვა შინაარსს ჩვენ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

„ეს არის პრეზიდენტის ყოველდღიური ბრალდება ნებისმიერი ტიპის ცოდვებში. ეს კი ნახევარდღიანი ბრალდებებია ხოლმე, იმიტომ რომ ის განცხადებები, რაც კეთდება, მერე რამდენიმე საათში ბათილდება ხოლმე. მაგალითად, გავიხსენოთ, რომ იყო ბრალდება, თითქოს იმდენი პატიმარი გამოვუშვი, კატასტროფის წინაშე ვდგავართ და რეკორდსმენი ვარ. ასეთი იყო „შავი პიარის“ ტალღა. მე სტატისტიკურად არ აღვიქვამდი შეწყალებას, თავში აზრადაც არ მომსვლია ამის დათვლა, თუმცა გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები და მე, სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ნამდვილად მეათედი მყავს შეწყალებული.

ასეთი ტალღები, გამომდინარე იქიდან რომ არც მესიჯი აქვთ და არც კანდიდატი ჰყავთ, არის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოებული „შავი პიარის“ ფორმით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატზე და ამ ფონზე, მათი გუნდის ნაწილმა გადაწყვიტა, მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავი პიარი“ აწარმოოს.

„ჩვენ ვნახეთ „შავი პიარის“ ტალღა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, „შავი პიარის“ ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში. კიდევ რა იყო, ვეღარც ვიხსენებ. ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ „შავი პიარის“ ინიციატივებს, რომელიც, ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც, ფაქტობრივად, ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს. ვერ ვხედავ, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს ჩამოყალიბებული ჰქონდს თავის შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატზე, ვერ ჩამოყალიბდნენ.  ამავე ფონზე, რაღაც ნაწილში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ უნდა აწარმოონ „შავი პიარი“ მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ყოველ დღე ჩვენ გვესმის ეს წარუმატებელი ტალღები, ასეთი იყო მანამდეც და დარწმუნებული ვარ, ანალოგიური აბსურდული ტალღები მომავალშიც გაგრძელდება. სიმართლე გითხრათ, ამ დაბნეულ „შავ პიარს“ მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამ და არც მგონია, რომ ეს ვინმეზე მოქმედებდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.