ეგვიპტეს 2019 წლის ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებად დასახელებას უწინასწარმეტყველებენ

12:52, 04.02.2019

ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმა Travel Weekly პროგნოზირებს, რომ ეგვიპტე 2019 წელს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცევა.

ასეთი პროგნოზების წინაპირობას იძლევა ქვეყანაში შემსვლელთა ტურისტული ნაკადის ზრდა. გარდა ამისა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ეგვიპტეში 55%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ UNWTO-ს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის ეგვიპტემ პირველი პოზიცია დაიკავა.

პროგნოზები არ უკვირთ საქართველოში რეგისტრირებული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს.  ეგვიპტეში დასვენების მსურველთა რიცხვის გაზრდას „ინტერკო თრეველის“ დამფუძნებელი ნინა მახვილაძე სერვისის მრავალფეროვნებით და მიმართულების უნივერსალურობით ხსნის.

„ეგვიპტეში დასვენება სულ უფრო კომფორტული ხდება. საქართველოდან გამგზავრება მარტივია, თუნდაც რეგულარული და პირდაპირი ფრენების გამო. ფასები მრავალფეროვანია და მორგებულია სხვადასხვა შესაძლებლობასა თუ მოთხოვნებზე. გარდა ამისა, ქართველებს უყვართ ევროპელებზე მორგებულ გარემოში დასვენება. ბოლო წლებში რუსეთიდან ეგვიპტეში ტურისტების ნაკადის შეჩერებამ გაზარდა მოთხოვნა ევროპელებისთვის უფრო კომფორტულ სერვისებზე. კურორტებმა ევროპული იმიჯი შეიძინა, რაც, ბუნებრივია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაშიც გამოიხატა“, – ამბობს ნინა მახვილაძე.

ტურისტული ტემპის ზრდის მიმართულებით ეგვიპტემ გაუსწრო ტურისტულად განვითარებულ შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი. აღსანიშნავია ასევე, რომ ეგვიპტეში დასვენების მსურველთა რიცხვი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წლიდან წლამდე მატულობს. 2018 წელს ეგვიპტეში ამ რეგიონებიდან 12,234 მგზავრმა დაისვენა.

მსგავსი