მზადება ზამთრის სეზონისთვის
ბაკურიანი 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ემზადება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტომ“ დიდველზე არსებულ გონდოლის ტიპის საბაგირო „ნოდოზე“ კაპიტალური რემონტი დაასრულა. მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად, საბაგიროს ტექნიკური ინსპექტირებისა და განახლების სამუშაოები ჩაუტარდა. შემოწმდა გონდოლების დამჭერი ნაწილები, ასევე საყრდენ ბოძებზე განთავსებული ბალანსირების ყველა მექანიზმი და მათი განახლება მოხდა. სამუშაოები საბაგიროს გამართულ მუშაობასა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას ემსახურება. ზამთრის სათხილამურო სეზონი ბაკურიანში ოც დეკემბერს დაიწყება.