ევროპაში ე.წ. სუპერხოჭოების გამო, ყოველწლიურად 33 ათასი ადამიანი იღუპება
ევროპაში ე.წ. სუპერხოჭოების გამო, ყოველწლიურად 33 ათასი ადამიანი  იღუპება

ევროპაში ყოველწლიურად 33 ათასი ადამიანი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ე.წ. სუპერხოჭოების გამო იღუპება

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის შეფასებით, ევროკავშირში ყოველწლიურად დაახლოებით 33 ათასი ადამიანი იღუპება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიით ინფიცირების გამო.
ჯანდაცვის ექსპერტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. სუპერხოჭოების წარმოშობასთან. ბაქტერიას აქვს უნარი გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ ანტიბიოტიკსაც, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის სხვა შესაძლებლობები ამოწურულია.

სამეცნიერო ჟურნალში Lancet Infectious Diseases -ში გამოქვეყნებულ კვლევაში ხაზგასმულია, რომ ამ პათოგენების სიმძიმე ერთად აღებული აივ, გრიპისა და ტუბერკულოზის მსგავსია.

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებისგან გამოწვეული ინფექციები საფრთხეს უქმნიან ჯანდაცვას. დაფიქსირებულია სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ზრდა 2007 წლიდან, როდესაც ეს მაჩვენებელი წელიწადში 25 ათასს შეადგენდა.

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ჩვილები და ხანდაზმულები არიან. ინფიცირების შემთხვევათა ¾ საავადმყოფოებსა და კლინიკებზე მოდის. მკვლევარები ასევე აფიქსირებენ მნიშვნელოვან განსხვავებებს ევროპის ქვეყნებს შორის.

კვლევაში ასევე გამოყენებულია 2015 წლის მონაცემები და განხილულია 5 ტიპის ინფექცია, რომელსაც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიები იწვევს ევროკავშირისა და ევროპულ ეკონომიკურ ზონის ტერიტორიაზე.

ყველაზე სავალალო მდგომარეობა საბერძნეთსა და იტალიაშია, ინფექციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებშია.

მეცნიერების განცხადებით, ამ გამოწვევის დასაძლევად აუცილებელია ევროკავშირისა და გლობალურ დონეზე კოორდინაცია, ისევე, როგორც პრევენციისა და კონტროლის სტრატეგიები, რომელიც თითოეული ქვეყნის საჭიროებებზე იქნება მორგებული.