ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებული გიორგი წიქარიძე - კოქტეილი ამეღო და ასე წავსულიყავი, აზრად არ მომსვლია
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებული გიორგი წიქარიძე - კოქტეილი ამეღო და ასე წავსულიყავი, აზრად არ მომსვლია

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების აქციაზე გამოყენების ბრალდებით დაკავებული 70 წლის მამაკაცი ამბობს, რომ მას აიძულებდნენ ეთქვა, ვინ დაავალა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება. როგორც გიორგი წიქარიძემ სასამართლ სხდომაზე განაცხადა, დავალება მისთვის არავის მიუცია. ბრალდებულმა არ უარყო, რომ ბოთლებში გამზადებული საწვავი მას სახლში ჰქონდა.

„21 რიცხვში მე შევნიშნე რუსული კვალი. პოლიციელების ოთხი რიგი იდგა და მეოთხე რიგში რუსები იდგნენ, რომლებიც ჩვენ ხალხს ესროდნენ. ქართველი კაცი ამას არ გააკეთებდა, ეს იყო რუსული კვალი. გოჩა კოკაიას ვიცნობდი, (მთავარი მოწმე) საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მე მივედი და ვუთხარი დაგეხმარები-თქო. მინდოდა ვაშაძე გასულიყო პრეზიდენტად. აქედან ვიცნობ გოჩას. აქციიდან რომ დავბრუნდი, დავურეკე გოჩას. ველაპარაკებოდი, რომ ხალხს რას უშვრებიან-მეთქი. კოქტეილი ამეღო და ასე წავსულიყავი, აზრად არ მომსვლია. კოკაიას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია. ამ ხნის კაცი ვარ, მე თვითონ ვხედავ რუსების მაიმუნობას. რუსებისთვის სხვანაირ კოქტეილებს ნამდვილად გავაკეთებ. პოლიტიკაში ნუ ჩამრთავთ, თუ რამე მეკუთვნის, მომისაჯეთ“, – განაცხადა გიორგი წიქარიძემ.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, გიორგი წიქარიძეს ბოთლებში ბენზინი გამზადებული ჰქონდა მოპედში ჩასასხმელად, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გააჩუქა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.