შსს - დაკავებულია პირი, რომელიც აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას გეგმავდა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, ქალაქ თბილისში, მუხიანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

„პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. ბრალდებული დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უწყებაში დაბარებულები არიან: გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

დატოვე კომენტარი