ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებული გიორგი წიქარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებული გიორგი წიქარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე ბრალდებული გიორგი წიქარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

​როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, 70 წლის ბრალდებულს, ბოთლებში ბენზინი გამზადებული ჰქონდა მოპედში ჩასასხმელად, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გააჩუქა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებული 20 ივნისის აქციაზე იმყოფებოდა და 11:00 საათზე სახლში დაბრუნდა, მეორე დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა და ის დააკავეს.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 20 ივნისს ჰქონდათ გამომძიებლებს ოპერატიული ინფორმაცია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების აქციაზე გამოყენების შესახებ, ხოლო გიორგი წიქარიძე 21 ივნისს დააკავეს. მას არანაირი კავშირი არცერთ პარტიასთან არ აქვს. ის მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე და ბენზინი, რომელიც ბოთლებში ესხა, სწორედ აქედან ჰქონდა. ნახევრადსავსე ბოთლებიდან ბენზინს მოპედში ასხამდა ხოლმე, რომელსაც ავზის სახურავი გაფუჭებული ჰქონდა. ეს მოპედი სექტემბერში გააჩუქა“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი წიქარიძეს ბრალი პარლამენტთან აფეთქების მზადებაში ედება. მისი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.