ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება
ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს, 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

დღის წესრიგით ორი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა გუშინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქცია დღეს ვაკის პარკში გამართეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.