ძიუდოს ფედერაციის განცხადება - ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების არსებული წესდებით ჩატარების შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიცაილურ ფეისბუქ-გვერდზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გავრცელდა.
2020 წლის აგვისტოს საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში ჩატარდა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განხილულ იქნა 2020 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნების საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ძირითად შინაარსს:
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ახლებური წესით არჩევის საკითხი აღმასკომის წევრთა მხრიდან კრიტიკულად შეფასდა შემდეგი გარემოებების გამო, კერძოდ:
ა) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდებაში პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის კრიტერიუმებთან მიმართებაში მთელი რიგი ხელოვნური და უსაფუძვლო ბარიერების გაჩენა ეწინააღმდეგება კონკურენციისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც თავისთავად უარყოფითად აისახება მომავალში ოლიმპიზმის განვითარებაზე.
ბ) ზემოაღნიშნული შეზღუდვა, გარდა თავისი შინაარსისა, ასევე წინააღმდეგობაში მოდის წესის, კანონის დროში მოქმედებასთან, რამეთუ ნებისმიერი წესი, რომელიც იცვლება იგი უნდა იძლეოდეს საკმარის პერიოდს სრული ადაპტაციისთვის, რაც ზემოთხსენებულთან მიმართებაში ნიშნავს იმას, რომ მიღებული წესი/ნორმა შესაძლებელია ძალაში შევიდეს მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან არანაკლებ ერთი სრული საარჩევნო პერიოდის შემდეგ (4 წელი). ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ნორმის/წესის ცვლილება მოხდა 2019 წლის დეკემბრის თვეში და მისი გამოყენება ხდება სულ რაღაც 10 თვის შემდგომ, რაც ბუნებრივია გარდა შინაარსობრივი შეზღუდვისა, ასევე დროში ზღუდავს დაინტერესებულ მხარეს, რამეთუ საკმარისი დროის უქონლობის გამო ვერ ხერხდება ახლებურ წესზე ადაპტირება.
გ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიზანშეწონილია ჩატარდეს სხვადასხვა ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციებში არჩევნების ჩატარების შემდეგ, რაც არის ლოგიკური და მართებული შინაარსობრივად, რამეთუ ამ ფედერაციებიდან წარდგენილი დელეგატები ირჩევენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად ვიმედოვნებთ რა, რომ ჩვენს მიერ წამოჭრილი საკითხები იქნება განხილვის საგანი სესიაზე და გამოვხატავთ რა პატივსცემას ოლიმპიური მოძრაობისა და სხვა სპორტული ფედერაციიების მიმართ ფედერაციის აღმასკომმა გადაწყვიტა მიავლინოს საარჩევნო-საანგარიშო სესიაზე ფედერაციის 2 დელეგატი, თუმცა აქვე მოგახსენებთ, რომ შეცვლილი წესდებით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში წარმოდგენილი დელეგატები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი