ძიუდოისტები დავით ქევხიშვილს მედიის თანდასწრებით შეხვედრას სთავაზობენ
ძიუდოისტები დავით ქევხიშვილს მედიის თანდასწრებით შეხვედრას სთავაზობენ

ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს 7 მაისს, 12:00 საათზე შეხვედრას სთავაზობენ.

როგორც სპორტსმენებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა, შეხვედრა მედიის თანდასწრებით, საჯაროდ ჩატარდეს, სადაც ყველა პრობლემურ საკითხზე ღიად ისაუბრებენ.

ამასთან, დღეს, 17:00 საათზე, ძიუდოს ფედერაციაში დავით ქევხიშვილის ბრიფინგი გაიმართება. ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა განცხადების გაკეთებას აპირებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

ძიუდოისტებმა ქევხიშვილის გადადგომა გუშინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქცია დღეს ვაკის პარკში გამართეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.