ძიუდოისტები დავით ქევხიშვილს კონკრეტული კითხვებით მიმართავენ და ღია პასუხებს ითხოვენ
ძიუდოისტები დავით ქევხიშვილს კონკრეტული კითხვებით მიმართავენ და ღია პასუხებს ითხოვენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ძიუდოისტების იმ ნაწილმა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, საგანგებო განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ძიუდოისტები ქევხიშვილს რამდენიმე კონკრეტული კითხვით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ძიუდოს ფედერაციის დღევანდელ ყრილობაზე ისეთ ფორმატი იყო შემოთავაზებული, რაც საუბრის შესაძლებლობას გამორიცხავდა.  ძიუდოისტები ქევხიშვილისადმი კითხვებზე ღია პასუხებს ითხოვენ.

1. სად დაიკარგა ის თანხები, რომლებმაც სპორტსმენებმა ლიცენზიის მოპოვების შედეგად მოიპოვეს?

2. თითოეულ სპორტსმენზე ფედერაციას ჩაერიცხა 85 000 ლარი, საიდანაც ძიუდოისტებმა მხოლოდ 13 000 ლარი მიიღეს. პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს ყველა საბუთი, თუ რა მიზნობრიობით დაიხარჯა დანარჩენი თანხა. სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ათი პროცენტი, რომელიც პირდაპირ ფედერაციაში “ატკატის” სახით ბრუნდება.

3. სად მიდის მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდი, რომელიც მხოლოდ მწვრთნელებს ეკუთვნის, რატომ აბრუნებინებს ათ პროცენტს და რაში ხარჯავს იგი მას. რა ხარჯებით დადიან გულშემატკივრები შეჯიბრებზე.

4. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს მასაჟისტი და ამავდროულად უამრავი გულშემატკივარი მოდის, დაკონკრეტდეს, ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იმყოფებოდა მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე. რატომ არ ჰყავს გოგონების ნაკრებს ამდენი ხნის განმავლობაში პირადი ექიმი.

5. დაგვისახელეთ, ბატონო დავით, რა ძალა გვმართავს ჩვენ, ვინ დგას ჩვენს უკან. თქვენ დაასახელეთ, რომ ჩვენ ვართ მართული გუნდი. დაასახელეთ სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც ჩვენ გვმართავს და ჩვენს უკან დგას.

6. რატომ არ იყო ყრილობა საჯარო, რატომ იყო დახურული, რატომ არ ჰქონდათ ჟურნალისტებს იქ შესვლის უფლება. ვინ არიან აღმასკომის წევრები, ის ადამიანები ვინც ძიუდოისტების ბედს წყვეტენ. რა მიმართულებით და მიზნით დანიშნა მან ისინი. რამდენია კლუბი „შევარდენი 2005“-ში დარეგისტრირებული. ჩამოთვალოს რამდენი კლუბია ერთ დარბაზში გაწევრიანებული, რომლებსაც პირდაპირ შეუძლიათ არჩევნების გზით აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტი.

7. რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომელს არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და რომელი ვართ იმ ასაკში, რომ კარიერა დავასრულოთ და ვითხოვდეთ ფედერაციაში თანამდებობას. არ გვინდა კონკრეტულად იმაზე საუბარი, თუ ვინ დგას ქევხიშვილის უკან, რადგან არ გვსურს პოლიტიკურ დებატში გადაიზარდოს ყველაფერი და არ დაძაბულობამდე მივიდეთ. მე პირადად შერცხვენილად ვთვლი თავს გამომდინარე იქიდან რა ზომამდეც ქევხიშვილმა მიგვიყვანა.

8. საკლუბო ჩემპიონატზე, რომლითაც ქევხიშვილი ტრაბახობს – რატომ მიაქვს სპორტსმენს მიღებული პრემიიდან ათი პროცენტი უკან და სად მიდის აღნიშნული თანხები. მან უნდა წარმოადგინოს ყველა საბუთი. რატომ ითხოვდა ფედერაცია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი პრემიებიდან ათ პროცენტს. პირადად ჩემთან ჰქონდათ საუბარი, რომ ჩვენ როდესაც ჩვენ ჩვენი მიღწეული შედეგებიდან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხას მივიღებდით, ათი პროცენტი უნდა დაგვებრუნებინა ფედერაციაში. რატომ და რა მიზნისთვის უნდა გამოეყენებინა ეს თანხა.

9. რატომ ვერ მიიღო ლუხუმ ჩხვიმიანმა „მასტერსზე“ მონაწილეობა, სადაც სპორტსმენი შეიძლება კარიერის მანძილზე ერთხელ გამოვიდეს. ფედერაციის უყურადღებობით მან ვერ შეძლო ამ ტურნირზე წასვლა.

10. სად წავიდა „ზედაზენის“ მიერ გამოყოფილი თანხები, რომელიც უნდა მიეღოთ სპორტსმენებს. სპორტსმენს რომელიც მოიპოვებდა საპრიზო ადგილს, უნდა მიეღო კონკრეტული თანხა. მათ გადასცეს ცარიელი კონვერტები. სად წავიდა ეს თანხა.

11. რატომ ათავისუფლებს დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე და რატომ იღებენ ამის შესახებ სპორტსმენები  ესეც ნათელი მაგალითი იმისა, რომ იგი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას.

12. რატომ აძლევ სპორტსმენებს კიმანოებს შერჩევით და 2015-2016 წლებში რატომ არ აუღია ახალგაზრდულ ნაკრებს კიმანოები, როდესაც ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე კომპანიები გვიგზავნიან უამრავ კიმანოს სრულიად უსასყიდლოდ. სად მიდიოდა ეს კიმანოები, თუ არა ის სპორტსმენები ვისაც სჭირდებოდა ეს კიმანოები. რატომ არ გვხვდება იგი ჩვენ და არ უნდა რომ საჯაროდ ისაუბროს პრობლემებზე.

„ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რა პრობლემებიც დღეს არის ფედერაციაში და რასაც მან ღიად უნდა გასცეს პასუხი და არა დახურულ კარს მიღმა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სასტუმრო “ბილტმორში” დღეს ძიუდოს ფედერაციის დახურული ყრილობა გაიმართა. ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ძიუდოისტებმა ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად დატოვეს.  როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხდა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების კითხვებს არ პასუხობდა.

ამასთან, ყრილობის დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი.

ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.