ძიუდო | საქართველომ პირველი დღე უმედლოდ დაასრულა - სარდალაშვილი რეიტინგის პირველ ნომერთან დამარცხდა #1TVSPORT
ისრაელის დედაქალაქ იერუსალმში სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა ძიუდოში. სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები პირველ დღეს სამი სპორტსმენით ასპარეზობდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ახალგაზრდა გიორგი სარადალაშვილი (60 კგ) გადავიდა.
ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამატებით დროში გაფრთხილებებით მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ტაივანელ ვეი იანგთან დამარცხდა. ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) შეჯიბრებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ.
ლიპარტელიანმა იაპონელ ცუკასა იოშიდასთან მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით წააგო, მარგველაშვილი კი ფრანგ მაქსიმ გობერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
ხვალ, 21 დეკემბერს იერუსალიმის მასტერსზე ისევ სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) იჭიდავებენ.