საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტს აიღებს 50-ე საიუბილეო გრანდ სლემი ძიუდოში. ტურნირის პირველ დღეს ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი (-60) და თენგო ზირაქაშვილი (-66) იჭიდავებენ.
გიორგი სარდალაშვილი პირველ რაუნდს გამოტოვებს, იგი მეორე ეტაპზე ვიეტნამელ დუკ დატ ჩუსა და ლიბანელ ფელიპე დაკრუზს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თენგო ზირაქაშვილი გრანდ სლემზე პირველ დაპირისპირებას კუბელ ორლანდო პოლანკოსთან გამართავს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პრესტიჟულ ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად 11 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს:
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), თენგო ზირაქაშვილი ( 66 კგ.), გიორგი ჩიხელიძე (73კგ), დიმიტრი გოჩილაიძე, ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ.).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.