ძიუდო ბრუნდება - ბუდაპეშტის „გრანდ სლემი“ ოქტომბრის მიწურულს გაიმართება
„უდიდესი სიამოვნებით გვსურს გაცნობოთ, რომ ძიუდო დაბრუნდა“, – ამ სიტყვებით იწყება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შემოდგომაზე სამი მნიშვნელოვანი ტურნირი ჩაინიშნა.
ბუდაპეშტის „გრანდ სლემი“ ოქტომბრის მიწურულს გაიმართება, რომელსაც დეკემბერში ტოკიოს „გრანდ სლემი“ მოყვება, ხოლო წელს დოჰას „მასტერსი“ დაასრულებს.
სპორტსმენები სამივე ტურნირზე შეძლებენ ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ქულების მოპოვებას. 2020 წლის დასრულებამდე ტურნირების გამართვას კონტინენტური კავშირებიც აპირებენ.
„დრო მოვიდა გაგაცნოთ თითოეული ნაბიჯი, თუ როგორ განვაახლებთ აქტივობებს. ვიცით, რომ მსოფლიოში განსხვავებული მდგომარეობაა, მაგრამ უკვე არსებობს ტერიტორიები, სადაც ტურნირების ორგანიზება შესაძლებელია. მათ შორის არის უნგრეთიც, სადაც პანდემიის შემდეგ პირველი „დიდი სლემის“ ტურნირი გაიმართება. ჩვენი გუნდი ყველა მონაწილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და იგივე გავრცელდება ტოკიოს „გრანდ სლემზეც“, – განაცხადა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.