დუდა სანაძემ ყატარის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი სოლიდური მონაგარი „ალ ხორს“ გასამარჯვებლად არ ეყო. სანაძის კლუბმა „ყატართან“ 72:78 წაა.
ქართველმა ლეგიონერმა კი შეუცვლელად – 40 წუთი ითამაშა და 33 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 20-დან 11 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
ნაკლებშედეგიანი მატჩი ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, რომლის „ალ შამალმაც“ „ალ სადთან“ 75:79 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა 39 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ბერიშვილმა 9-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.
„ალ შამალი“ თითო მოგება-წაგებით მე-6 ადგილზეა, ხოლო „ალ ხორს“ 3 მარცხით ბოლო პოზიცია უკავია. ბერიშვილის კლუბი 15 დეკემბერს „ყატარს“ გაეჯიბრება, ხოლო 16-ში სანაძე და მისი თანაგუნდელები „ალ რაიანს“ ეთამაშებიან.