გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთი
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სამმატჩიან ბრძოლაში დაამარცხა „მანრესა“ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. გუნდებმა საწყის ორ მატჩში მოგებები გაცვალეს. გადამწყვეტი შეხვედრა კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩი ისე მიიყვანეს ფინალამდე, გამარჯვებულის ბედი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. საბოლოოდ 84:72 „ტენერიფეს“ სასარგებლოდ.
🚂 GET OUT OF SHERMINATOR’S WAY! 🚂#BasketballCL I @CB1939Canarias pic.twitter.com/FgRoP4jzLJ
— Basketball Champions League (@BasketballCL) April 19, 2023
გიორგი შერმადინმა 18 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ბრუნო ფიტიპალდო გახდა – 22 ქულა.
იტალია
იტალიის ჩემპიონატში შედეგიანი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიამ. მისმა „ვირტუსმა“ სტუმრად „სკაფატი“ 83:81 დაამარცხა.
თორნიკემ 31 წუთში 15 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. „სკაფატის“ განაცხადში იყო ტანმაღალი ქართველი ცენტრი რომა ჭინჭარაული, თუმცა არ უთამაშია.
კვიპროსი
კვიპროსის ჩემპიონატის 1/2 ფინალში 0:2 დამარცხდა დუდა სანაძის „ანორთოსისი“. მან მეორე მატჩი 71:84 დათმო ლარნაკას აეკ-თან.
ქართველი უკანახაზელი თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო. მან 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.