საქართელოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე „ლიგა ენდესას“ მეცხრე ტურში თავის ახალ გუნდ „გიპუზკოა ბასკეტთან“ მადრიდს ეწვია და ევროპული კალათბურთის ფლაგმან „რეალთან“ ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა.
სანაძემ „რეალს“ 15 ქულა ჩაუგდო. 25 წუთში, ქულებთან ერთად დუდამ 7 მოხსნა და 2 შედეგიან გადაცემაც მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ორქულიანებიც და სამქულიანებიც ერთნაირი – 43 % -იანი სიზუსტით (3/7) ისროლა, მოხსნებით კი თავი შვიდივეჯერ საკუთარ ფარზე გამოიჩინა.
ტრავმის შემდეგ ფიცარნაგს დაუბრუნდა და საკუთარ გუნდს 2 ქულით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით დაეხმარა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ბექა ბურჯანაძე.
სანაძის მსგავსად 15 ქულა ჰქონდა მისსავე თანაგუნდელ უკრაინელ, ვიაჩესლავ ბობროვს თუმცა ქართველმა მას სხვა კომპონენტებში აჯობა. რაც შეეხება მადრიდელთა შემადგენლობას, აქ 14-14 ქულით ჯეფრი ტეილორი და კლემენ პრეპერიჩი გამოირჩნენ.
საბოლოოდ ბურჯანაძისა და სანაძის „გიპუზკოა ბასკეტი“ 104:71 დამარცხდა და ცხრა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 7 მარცხით ბოლო ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს, ვალენსიაში გამართავს.