დონარუმა - პარიზში იმიტომ ჩამოვედი, რომ გუნდის ძირითადი მეკარე გავხდე #1TVSPORT
ჯანლუიჯი დონარუმამ „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა. იტალიელი მეკარის თქმით, პარიზში სწორედ იმიტომ ჩამოვიდა, რომ გუნდის ძირითადი მეკარე იყოს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლანსის“ წინააღმდეგ ფრედ (1:1) ითამაშა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
„ტიტულის მოპოვებამ სიხარული მოგვიტანა. ეს წელი ჩემთვის ადაპტაციის პერიოდი იყო და კმაყოფილი ვარ, როგორც წარიმართა ყველაფერი. ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგაზე იმედები გავუცრუეთ, მაგრამ მომავალში ამას აუცილებლად გამოვასწორებთ.
აქ იმისთვის ვარ, რომ პსჟ-ს ძირითად მეკარედ ჩამოვყალიბდე. როგორ უკვე გითხარით, ეს წელი ადაპტაციას დასჭირდა. ცვლილებებს ადვილად არ ჩაუვლია, მომიწია უცხო ენასთან და უცხო ჩვეულებებთან შეგუება. ნავასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ასეთი კონკურენცია ორივესთვის რთულია. სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – მოჰყავს დონარუმას სიტყვები La Gazetta dello Sport-ს.