დონალდ ტუსკი - ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს არა ქედმაღლობას, არამედ პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან
ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს პატივისცემას პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან და არა ქედმაღლობას. ძვირფასო მეგობრებო, დაფიქრდით“, – წერს ტუსკი.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, შესაძლოა, სხვა პროვაიდერის მოძებნა გახდეს საჭირო. პასუხად, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა. განცხადებას გამოეხმაურა მარკო რუბიოც, რომელმაც რადოსლავ სიკორსკი უმადურობაში დაადანაშაულა.