მარკო რუბიომ რადოსლავ სიკორსკის მიმართა - მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ
მარკო რუბიომ რადოსლავ სიკორსკის მიმართა - მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის გამოეხმაურა და უმადურობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით.

„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ“, – მიმართა რუბიომ სიკორსკის.

ამ განცხადებით რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას, შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.

„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მიმართ მუქარის ეთიკურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.

სიკორსკის გამოეხმაურა აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკიც და მას „პატარა კაცი“ უწოდა.