რადოსლავ სიკორსკი - SpaceX-ი თუ არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, უკრაინისთვის სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უკრაინას, შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.
„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მიმართ მუქარის ეთიკურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.
სიკორსკი ამ განცხადებით ილონ მასკს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია.