დონალდ ტრამპმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებზე სანქციების დაწესების ბრძანება გასცა
დონალდ ტრამპმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებზე სანქციების დაწესების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლებზე სანქციების დაწესების ბრძანება გასცა. „როიტერის“ ინფორმაციით, სანქციები შეეხებათ სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების მიერ ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენას იძიებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰააგის ტრიბუნალი ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

„ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე დგომა, როდესაც ჩვენ ხალხი კენგურუს სასამართლოს მხრიდან საფრთხის ქვეშაა. მე გზავნილი მაქვს მსოფლიოს ბევრი ახლო მოკავშირის მიმართ. თქვენი ხალხი შეიძლება, იყოს შემდეგი, განსაკუთრებით ნატო-ს ქვეყნებიდან, რომლებიც ავღანეთში ტერორიზმს ებრძვიან ჩვენს გვერდით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას სურს, გამოიძიოს 2003-2014 წლებში ჩადენილი შესაძლო დანაშაულები, მათ შორის, თალიბების მიერ სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობები, ასევე, ავღანეთის ხელისუფლების მიერ პატიმრების სავარაუდო წამების ფაქტები და უფრო მცირე ზომით, აშშ-ის ძალებისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება მარტში დაიწყო. დონალდ ტრამპის ბრძანება ავალებს სახელმწიფო მდივანს, რომ სახაზინო დეპარტამენტთან ერთად კონსულტაციების შემდეგ, აშშ-ში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქტივები დაბლოკოს. ბრძანება, აგრეთვე, მაიკ პომპეოს უფლებას აძლევს, აიკრძალოს გამოძიებაში ჩართულ პირთა შეერთებულ შტატებში შესვლა, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების. ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ​მანიპულირებას ახდენს.