დონალდ ტრამპმა ე.წ. შათდაუნის გამო კონგრესში გამოსვლა გადადო
დონალდ ტრამპმა ე.წ. შათდაუნის გამო კონგრესში გამოსვლა გადადო

დონალდ ტრამპმა ე.წ. შათდაუნის გამო კონგრესში გამოსვლა გადადო. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ში დაწერა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისი გამოსვლა მას შემდეგ შედგება, რაც ე.წ. შათდაუნი დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ტრამპს კონგრესში სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ მისცემს. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ მოსახლეობისადმი ყოველწლიური მიმართვისთვის „ალტერნატიული ადგილს“ შეარჩევს. თუმცა, გვიან ღამით ტრამპმა Twitter-ში დაწერა, რომ მისი სიტყვით გამოსვლის გადადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პრეროგატივაა.

„მე არ ვეძებ ალტერნატიულ ადგილს ყოველწლიური გამოსვლისთვის, რადგან არ არსებობს ადგილი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას შეედრება ისტორიით, ტრადიციითა და მნიშვნელობით“, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტსა და დემოკრატებს შორის დავის გამო, აშშ-ის სახელმწიფო უწყებების ნაწილი დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. მთავრობის ე.წ. შათდაუნი უკვე 34-ე დღეა, გრძელდება. ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს, რომლის გამოყოფაზეც დემოკრატები უარს ამბობენ.

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები, ხოლო სენატში რესპუბლიკელები ფლობენ.

დატოვე კომენტარი