დონალდ ტრამპი - თუ დემოკრატების ჭკუიდან გადაყვანა გსურთ, მოითხოვეთ, რომ კიდევ 12 წელი ვიყო პრეზიდენტი
რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ შარლოტში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა დემოკრატებს არჩევნების გაყალბების მცდელობაში დასდო ბრალი.
„თუ გინდათ, რომ დემოკრატები ნამდვილად გადაიყვანოთ ჭკუიდან, მაშინ მოითხოვეთ, რომ კიდევ 12 წელი ვიყო პრეზიდენტი, რადგან ჩვენ ისინი ძალიან ცუდი საქმეების კეთებაზე გამოვიჭირეთ 2016 წელს. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ახლაც იმავეს აპირებენ და 80 მილიონ ბიულეტენზე მუშაობენ, რომელთა გაგზავნასაც იმ ხალხისთვის გეგმავენ, რომელთაც ეს არ უთხოვიათ. ეს უსამართლო და არასწორია. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თვალყური უნდა მივადევნოთ ყველაფერს. ცუდი საქმეები უკვე მოხდა ერთხელ, როდესაც ისინი ჩვენს კამპანიას უთვალთვალებდნენ. ეს ეხება ბაიდენსა და ობამას. ახლა ისინი საფოსტო თაღლითობას გეგმავენ. ისინი ყველაფერს ფოსტის ოფისს აბრალებენ. თქვენ ხედავთ, როგორც იგეგმება ყველაფერი. ფრთხილად იყავით, რადგან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატს გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არჩევნები გაყალბდება.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა დღეს გაიხსნა და სამ დღეს გასტანს. 27 აგვისტოს კი დონალდ ტრამპი ოფიციალურად განაცხადებს, რომ მზად არის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მისი გამოსვლა თეთრ სახლშია დაგეგმილი.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.