დონალდ ტრამპი - თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ქვეყანას ჯოჯოხეთი ელოდება
დონალდ ტრამპი - თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ქვეყანას ჯოჯოხეთი ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ქვეყანას ჯოჯოხეთი ელოდება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანში აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ფედერალური სამართალდამცველი ძალების გაგზავნას გეგმავს.

„არ დავუშვებთ, რომ ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ფილადელფიაში, დეტროიტსა და ბალტიმორში არეულობა მოხდეს. არ დავუშვებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს მოხდეს. ჩვენ გავაგზავნით მეტ ფედერალურ სამართალდამცველს. პორტლანდში მათ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს და თან მოკლე დროში. მათ ისინი დაიჭირეს. ბევრი ხალხი მოხვდა ციხეში, მათ შორის, ლიდერები. ისინი ანარქისტები არიან და არა დემონსტრანტები. ამ ხალხს ჩვენი ქვეყანა ეზიზღება და არ დავუშვებთ, რომ ასე გაგრძელდეს. გუბერნატორებს, მერსა და სენატორებს ამ ხალხის ეშინიათ. ეს ყველაფერი ავღანეთზე უარესია. ეს იმაზე უარესია, რაც ოდესმე გინახავთ. ყველაფერს მართავენ ლიბერალი დემოკრატები. და თუ ბაიდენი მოვა, მთელ ქვეყანას ჯოჯოხეთი ელოდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა ჯოჯოხეთში მოხვდეს“, – განაცხადა ტრამპმა.https://www.facebook.com/watch/?v=635502310653849

შეგახსენებთ, რომ პორტლენდში რასიზმის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა, არ წყდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში მობილიზებულ ფედერალურ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირი.

პორტლენდის მერმა მოუწოდა ტრამპს, გაიყვანოს ქალაქიდან პრეზიდენტის ბრძანებით გაგზავნილი სამართალდამცველები. მერი ამტკიცებს, რომ მათი ქალაქში ყოფნა დაძაბულობის ესკალაციას იწვევს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფედერალურ სამართალდამცველებს ფორმა არ აცვიათ და მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ.