დონალდ ტრამპი - მოლაპარაკება გვაქვს დემოკრატებთან, რამაც შეიძლება, ძალიან კარგ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ვსაუბრობ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ კარგ შედეგებზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა შეთანხმების დადებისთვის ჯანდაცვის რეფორმის კანონის სუბსიდიებთან დაკავშირებით.
დემოკრატები ამ საკითხს მთავრობის დაფინანსების აღდგენის პირობად აყენებენ.
„ახლა მოლაპარაკება გვაქვს დემოკრატებთან, რამაც შეიძლება, ძალიან კარგ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ვსაუბრობ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ კარგ შედეგებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დემოკრატებთან ჯანდაცვის სუბსიდიებზე შეთანხმებისთვის, თუ პირობები მისაღები იქნება.
„დემოკრატები არიან ისინი, ვინც ეს დაიწყო. ეს ძირითადად ჯანდაცვის საკითხის გამოა. ჩვენ გვინდა, ხალხმა კარგი ჯანდაცვა მიიღოს. არ გვინდა, ფული სხვა ადამიანებზე დავხარჯოთ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად პირველ ოქტომბერს შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად. 1981 წლიდან კონგრესმა 15-ჯერ შეაჩერა მთავრობის მუშაობა. ბოლო „შათდაუნი“ 2018-2019 წლებში 35 დღე გაგრძელდა და ეს აშშ-ის ეკონომიკას სამი მილიარდი დოლარი დაუჯდა.