დოდო გუგეშაშვილი - დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთება
დოდო გუგეშაშვილი - დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთება

დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში, ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთება, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. გუგეშაშვილის განცხადებით, შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე იყო საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე, სიახლე გამოკვეთილი არ არის.

მისივე თქმით, საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმ ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მისი მიერ საზღვრის კვეთას უკავშირდება.

„დაფიქსირებული იყო ჩემ მიერ საზღვრის ორი კვეთა უკრაინიდან, თითქოს მოვფრინავდი სანკტ-პეტერბურგიდან. ეს აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ამ დღეებში ოფიციალურად გასწორდება. რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, გავიარეთ რაღაც საკითხები და ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული გარემოებაა გამოკვეთილი. ძიება გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვაყენებენ საქმის კურსში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ახალი გარემოება. ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია განიხილება გამორიცხვის მეთოდით. ამაზე დღესაც გვქონდა საუბარი. ჯერჯერობით მოტივზე არ ვიცით. მოტივი რომ ვიცოდეთ, უკვე გამოძიებულიც და მიხედილიც გვეყოლებოდა“, -განაცხადა გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილი შსს-ში შეხვედრაზე დღეს დაიბარეს. 

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.