დოდო გუგეშაშვილი შსს-ში დაიბარეს
დოდო გუგეშაშვილი შსს-ში დაიბარეს

აფხაზეთის ომის ვეტერანი, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დოდო გუგეშაშვილი და მისი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამ წუთებში შსს-ში გამომძიებლებს ხვდებიან.

გუგეშაშვილის განცხადებით, ისინი უწყებაში მიიწვიეს შეხვედრაზე, თუმცა ჯერ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რას უკავშირდება შეხვედრა.

„მჭიდრო კონტაქტში ვართ მე და ადვოკატი სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, ჩემი საზღვრის კვეთის გაყალბებებთან დაკავშირებით ვიღებთ ინფორმაციას, ფოტორობოტი აქვთ შედგენილი, სიახლეების გასაგებად შევდივართ. დარწმუნებული ვართ, რომ დანაშაული გაიხსნება. როგორც ჩანს, არის რაღაც ახალი გარემოება, რაზეც ჩვენ შეხვედრაზე ვართ მიწვეული“, – განაცხადა გუგეშაშვილმა.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

დატოვე კომენტარი