ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გორშიც გაიმართა
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გორშიც გაიმართა

გორში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ჩატარდა.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა მედიაზე ძალადობის გახშირებული ფაქტები გააპროტესტეს და იმ პირების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს იძალადეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიონ ყველა მომხდარი ფაქტი. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, რაც აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის.

დატოვე კომენტარი