ჟურნალისტ-გამომძიებელთა კონსორციუმი - ჩინეთის ხელისუფლება უიღურების ინდოქტრინაციას, ე.წ. ტვინების გამორეცხვას ახორციელებს
ჟურნალისტ-გამომძიებელთა კონსორციუმი - ჩინეთის ხელისუფლება უიღურების ინდოქტრინაციას, ე.წ. ტვინების გამორეცხვას ახორციელებს

ჩინეთის ხელისუფლება სინძიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები უიღურების სისტემატურ ინდოქტრინაციას, ე.წ. ტვინების გამორეცხვას ახორციელებს, – ამის შესახებ საუბარია ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის სტატიაში.

სტატიის მიხედვით, ჟურნალისტებმა შეძლეს, მოეპოვებინათ მტკიცებულება, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ოფიციალური პეკინის ვერსია, თითქოს ბანაკებში მყოფი პოტენციური ექსტრემისტების გადამზადება ნებაყოფლობით ხდება და ისინი თავად ეწერებიან კურსებზე. პეკინი ირწმუნება, რომ ბანაკებში მოხალისეებს წვრთნიან, თუმცა დოკუმენტებში საუბარია უმკაცრეს დისციპლინაზე, იძულებით დაკავებასა და პატიმრების მუდმივ ვიდეო თვალთვალზე.

დოკუმენტების შესწავლა 17 მედიაპარტნიორთან ერთად მიმდინარეობს, მათ შორის არიან „ბიბისის“ პროგრამა „პანორამისა“ და გაზეთ „გარდიანის“ წარმომადგენლებიც.

ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბანაკებში მილიონამდე ადამიანი იმყოფება, რომელიც გასამართლების გარეშე დააკავეს. მათი უმეტესობა კი, უიღურები არიან.

დოკუმენტებს შორის აღმოჩნდა ინსტრუქციებიც, რომლებიც ბანაკების ხელმძღვანელებისგან უმკაცრეს დისციპლინას მოითხოვს, მათ შორის პატიმრების დასჯასა და გაქცევის წინააღმდეგ ზომების მიღებას. კერძოდ, არ დაუშვან გაქცევა; გააუმჯობესონ დისციპლინა და მკაცრად დასაჯონ მისი დამრღვევები; მიაღწიონ აღიარებასა და მონანიებას; მიაღწიონ სტუდენტების სრულ ტრანსფორმაციას; პრიორიტეტი მიანიჭონ ჩინურ გამოსასწორებელ კურსებს; დარწმუნდნენ ვიდეოთვალთვალის სისტემის ეფექტურობაში საერთო საცხოვრებლებსა და კლასებში, აღმოფხვრან „ბრმა ზონები“.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პატიმართა ცხოვრების ყოველი ასპექტი მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ არის – სტუდენტს უნდა ჰქონდეს თავისი საწოლი, ადგილი რიგში და სამეცადინო ოთახში, სამუშაო დაზგა, ადგილების შეცვლა მკაცრად აკრძალულია.

„შემოიღეთ დისციპლინური ნორმები ადგომაზე, სანიტარული კვანძის მოხმარებაზე, შინა მეურნეობაზე, კვებაზე, სწავლაზე, ძილზე, კარის დახურვაზე და სხვ“, – ნათქვამია ინსტრუქციებში.

ინსტრუქციის მიხედვით, შეიძლება მხოლოდ იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც წარმოაჩენენ, რომ მათი ფასეულობები, ენა და რწმენა შეიცვალა – „მიაღწიეთ სტუდენტებისგან აღიარებასა და მონანიებას, დანაშაულისა მკაფიოდ აღქმას, ისევე როგორც წარსული ქმედებების სახიფათო ბუნების. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ბუნდოვანი აზრები, უარყოფითი დამოკიდებულება ან წინააღმდეგობისკენ სწრაფვა აქვს. გამოსასწორებელი სწავლება ამ შედეგის აღმოფხვრას დაეხმარება“.

ამასთან, ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებული დოკუმენტები ასევე ცხადყოფს დაკავებების წარმოუდგენელ მასშტაბს. ერთ-ერთი მათგანიდან ირკვევა, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, რეგიონის სამხრეთში მცხოვრები 15 ათასი ადამიანი გაგზავნეს ბანაკში.

უიღურების მსოფლიო კონგრესის მრჩევლისა და ადვოკატის, ბენ ემერსონის განცხადებით, ჩინური ბანაკის სისტემის მიზანია, შეცვალონ ადამიანის იდენტობა.

„რთულია, ამას სხვა რამ უწოდო, გარდა ტვინების მასობრივი გამორეცხვისა, რომელიც მიმართულია მთელი ერის მიმართ. ეს სრული ტრანსფორმაციაა, რომლის მიზანიც სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში მუსულმანი უიღურების, როგორც ცალკეული კულტურული თემის განადგურებაა“, – ამბობს იგი.

ბანაკის პატიმრებს მორჩილებისთვის, სწავლისა და მუშაობისთვის, ისევე, როგორც იდეოლოგიური ტრანსორმაციისთვის, ქულებს ანიჭებენ. ქულებზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა პატიმრები ოჯახთან დაკავშირებას, ასევე, როდის გაათავისუფლებენ მათ. გათავისუფლების პერსპექტივა კი, მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც ოთხი პარტიული კომიტეტი ერთხმად დაადასტურებს, რომ პატიმარი შინაგანად ნამდვილად გარდაიქმნა.

გარდა ამისა, ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია, თუ როგორ მიიქცია 1.8 მილიონმა იუღურმა ყურადღება მხოლოდ იმით, რომ ისინი მასალების გასაგზავნად „ზაპიას“ აპლიკაციას იყენებდნენ. შედეგად, ხელმძღვანელობიდან რეკომენდაცია გაიცა, დაკვირვებოდნენ ამ აპლიკაციით მოსარგებლე 40 577 პირს და ბანაკში გაეგზავნათ ყველა, ვინც მცირეოდენ ეჭვს გამოიწვევდა.

დოკუმენტებში ასევე გაწერილია ინსტრუქციები სხვა ქვეყნებში მყოფი უიღურების თვალთვალისთვის, ასევე განკარგულება, დააკავონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე უიღური, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამ საქმიანობაში კი შესაძლოა, ჩართული იყვნენ ჩინეთის საელჩოებიც.