„ჟირონა“ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე არ დაუშვან #1TVSPORT
ლა ლიგის წლევანდელი სეზონის აღმოჩენა „ჟირონა“, რომელმაც ჯერ კიდევ 34-ე ტურის შემდეგ გაინაღდა 2024-25 წლების ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, შეიძლება არ დაუშვან მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე.
როგორც გაზეთ The Times-ის ჟურნალისტი მარტინ ციგლერი წერს, საქმე ისაა, რომ „ჟირონა“ ეკუთვნის City Football Group-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანურ კლუბს, ფაქტობრივად, იგივე მფლობელები ჰყავს, რაც „მანჩესტერ სიტის“. უეფა-ს რეგლამენტის თანახმად, ერთ ტურნირში არ შეიძლება მონაწილეობას იღებდნენ კლუბები, რომლებსაც ერთი და იგივე ადამიანი ან კომპანია ფლობს.
იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება შეინარჩუნონ, „ჟირონას“ მფლობელებს მიუწევთ, შეამცირონ საკუთარი წილი კლუბში.
აღნიშნავენ, რომ თუ „ჟირონა“ არ გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, მომდევნო სეზონში ის მხოლოდ ევროპის ლიგაზე თამაშით უნდა დაკმაყოფილდეს.
შეგახსენებთ, რომ კატალონურ კლუბს მომავალ სეზონში დებიუტი ექნება ევროტურნირებზე.